
„Guten Tag“ სწორია, მაგრამ ამ სიტყვას ბევრი ალტერნატივა აქვს. მოდი ვნახოთ, როგორ ესალმებიან გერმანიაში.
„Guten Tag!“ - ყველა გერმანული სახელმძღვანელო ამით იწყება. მაგრამ მას ბევრი ალტერნატივა აქვს. ყველაზე გავრცელებული მისალმება „Hallo“-ა, რომელიც როგორც ოფიციალურ, ისე არაოფიციალურ გარემოში მისაღებია. მოდი ვნახოთ მისალმების სხვადასხვა ფორმა.
Hallo - ყველა სიტუაციაში შეგიძლია გამოიყენო
მისალმების ამ ფორმას არამარტო მეგობრებთან, არამედ ოფიციალურ გარემოშიც ვიყენებთ. თუმცა ოფიციალურ გარემოში აუცილებელია შემდგომ „Sie“ თავაზიანი ფორმით საუბრის გაგრძელება, მაგალითად: „Hallo, Frau Golubiani-Kunath“.
Morgen, Tag, Abend: დღის მონაკვეთები
თუ დღის მონაკვეთის მიხედვით გინდა მიესალმო: „Guten Morgen“ დაახლოებით 10-11 საათამდე, „Guten Tag“ 18 საათამდე, მერე „Guten Abend“. ოფისში და კოლეგებთან ამოკლებენ: „Morgen!“, „'n Abend!“. ეს უზრდელობა არ არის, ეს ყოველდღიურობაა.
პირველი ხაფანგი: „Gute Nacht“ მისალმება არ არის. მას მხოლოდ მაშინ ამბობ, როცა ვინმე დასაძინებლად მიდის, ან როცა ღამის თორმეტზე წვეულებიდან მიდიხარ.
Moin, Servus, Grüß Gott: რეგიონები
- Moin - ჰამბურგში და მთელ ჩრდილოეთში. დღის ნებისმიერ მონაკვეთში მისალმების ფორმა.
- Servus - ბავარიაში და ავსტრიაში. მისალმებაც და დამშვიდობებაც.
- Grüß Gott - ბავარია და ბადენ-ვიურტემბერგი, უფრო ოფიციალური.
- Hi, Hey - კოლეგებთან და მეგობრებთან, ნებისმიერ ასაკში.
- Hallo zusammen - როცა ოთახში რამდენიმე ადამიანია.
Mahlzeit! - მისალმება, რომელიც ყველას აბნევს
11-დან 14 საათამდე ბევრ ფირმაში ერთმანეთს „Mahlzeit!“-ით ესალმებიან. სიტყვასიტყვით „საჭმლის დროა“. მაგრამ უბრალოდ ნიშნავს „გამარჯობა, გემრიელად მიირთვი, შევხვდებით“. პასუხი იგივე სიტყვაა: „Mahlzeit!“ და როცა საღამოს ვინმეს ვემშვიდობებით: „Schönen Feierabend!“
თეგები: Alltag, Grüßen, Modul 1
Tatis 

